კომპანია „ჩირინა“, რომელიც ბაზარზე წარმოებულ პროდუქციას „ბიუ-ბიუს“ ბრენდით ყიდის, ქათმის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანას აშენებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა უკვე მიღებულია, რომლის თანახმადაც, ობიექტი სართიჭალაში ერთ წელში დასრულდება.
როგორც რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, საწარმოში დამზადდება ქათმის ძეხვი, შაშხი, შებოლილი პროდუქტები და აშ.
„ჩვენ ახლა ინვესტიციებს ვდებთ ახალ პროექტში. კერძოდ, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს ვაშენებთ. ეს იქნება შაშხი, შებოლილი პროდუქცია, ძეხვები და ა.შ. ნებართვა უკვე გვაქვს და მის განხორციელებას სართიჭალაში ვგეგმავთ. უშუალოდ წარმოება დაახლოებით, ერთ წელში, 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყება“,- განაცხადა რევაზ ვაშაკძემ.
ცნობისათვის, კომპანია „ჩირინა“ 2011 წელს დაფუძნდა.