Timberland-ის მფლობელმა კომპანიამ Supreme იყიდა

ამერიკული კომპანია VF Corp, რომელსაც ეკუთვნის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდები - Vans, The North Face და Timberland, აცხადებს, რომ შეიძინა ცნობილი ურბანული სამოსის ბრენდი Supreme. გარიგების ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით ის 2 მილაირდ დოლარს შეადგენს.

როგორც მოსალოდნელია, შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ წლის ბოლოს გაფორმდება, მფლობელ კომპანიას დამატებით 500 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს წლიურად. ბრენდის დამფუძნებელი ჯეიმს ჯებია რჩება გუნდში. ეს იქნება VF-ის უმსხვილესი შენაძენი 2011 წელს Timberland-ის 2,3 მილიარდად ყიდვის შემდეგ.

Supreme 1994 წელს დიზაინერმა ჯეიმს ჯებიამ დააფუძნა. ბრენდი პოზიციონირებს როგორც ნიშური ბრენდი და აქვს მხოლოდ 12 საფირმო მაღაზია, რომელშიც ახალი კოლექციის გამოჩენისთანავე რიგები დგება. ზოგიერთ მოდელს საერთოდაც პირველივე წუთებში ყიდიან. ბრენდის გაყიდვების 60% ონლაინ გაყიდვებზე მოდის.

VF Corporation — ეს არის მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია, რომელიც 1899 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი მდებარეობს დენვერში და მისი ქოლგის ქვეშ 30-ზე მეტი ბრენდია გაერთიანებული, რომლებიც სამ კატეგორიადაა დაყოფილი: Outdoor, Active და Work.

კოკა კვირკველია