2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია დონალდ ტრამპისთვის ერთგვარი ბიზნესის მარკეტინგის ინსტრუმენტი იყო.
"თქვენ იცით, რომ გარკვეულწილად, ეს ბრენდის ღირებულებაა", - თქვა რესპუბლიკელმა ლიდერმა 2015 წლის სექტემბერში, რაც მის რეიტინგზე მაშინ საგრძნობლად აისახა.
როგორც ამერიკული გამოცემა Forbes-ი წერს, მსგავსი შინაარსის განცხადება ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა კონგრესის წინაშეც გააკეთა. ”ის არასდროს ელოდა პრაიმერის მოგებას. არ ელოდა საყოველთაო არჩევნების მოგებას. მისთვის კამპანია ყოველთვის იყო მარკეტინგის შესაძლებლობა. ”
მართლაც, აღმოჩნდა რომ პოლიტიკა ტრამპისთვის მარკეტინგული “ხრიკი“ იყო, მაგრამ - უბრალოდ არა მომგებიანი.
2016 წლის კამპანიის პირველ დღეებში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მექსიკელ ემიგრანტებზე საკამათო კომენტარები გააკეთა, ლიცენზირებულმა ბიზეს პარტნიორებმა ტრამპისგან დისტანცირება მოახდინეს. თანამდებობის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა ათობით პოტენციური გარიგება ჩაშალა. მას შემდეგ, რაც იგი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მოგება დაეცა ისეთ ბიზეს ლოკაციებზე, როგორიცაა მაიამიში მდებარე გოლფის კურორტი Trump National Doral. ახლა მისი სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია, 1 მილიარდი დოლარით ნაკლები, ვიდრე ინაუგურაციის დღეს იყო.
პრეზიდენტს ერთი საყურადღებო დეტალი მეტად საინტერესო მდგომარეობაში აყენებს. დიახ, ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების თანახმად, მან წააგო არჩევნები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ის მალე დაკარგავს ძალაუფლებას ფედერალურ პროკურორებზე. მაგრამ მოიპოვებს სხვა “ჯილდოს“ - მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონობით მეტი ფულის შოვნის შესაძლებლობას, რაც არ არის ცუდი “პრიზი.“
როდესაც 2001 წელს 42-ე პრეზიდენტმა, კლინტონმა თეთრი სახლი დატოვა, მილიონობით იურიდიული გადასახადის დავალიანების გამო კლინტონმა სწრაფად მიაგნო ფულის შოვნის ახალ გზას. ოფისის დატოვებიდან 16 დღის შემდეგ ფასიანი გამოსვლებით 125 000 აშშ დოლარი იშოვა. 2015 წლის ბოლოს კლინტონმა ამ გზით დაახლოებით 106 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რაოდენ ბევრი მინუსიც არ უნდა ეძებოს ადამიანმა, ერთი რამ ცხადია, ქარიზმატულ ტრამპს შეუძლია გამოსვლებით მილიონობით ადამიანი და მილიარდობით დოლარი მოიზიდოს.
მეორე გზა არის წიგნები. კლინტონმა, როგორც ავტორმა, 2001 – დან 2015 წლამდე დაახლოებით 38 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ამერიკის ამჟამინდელმა მთავარმა “ტვითერერმა“ ათზე მეტი წიგნი უკვე გამოუშვა. ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მან თეთრი სახლის ოფისში ნახა, ტრამპს უნდა ჰქონდეს უამრავი ახალი მასალა.
მესამე გზა - ტელევიზია. ამ მხრივ ტრამპს პრაქტიკულად დაუსრულებელი შესაძლებლობები აქვს. ფილმებში მონაწილეობიდან დაწყებული, შოუს წაყვანით დამთავრებული, პრეზიდენტს თითქმის ყველა სფერო აქვს გამოცდილი. არსებობს ჭორები, რომ პრეზიდენტის ოჯახი საკუთარი სატელევიზიო სადგურის შეძენას უკვე განიხილავს.
ტრამპმა კარგად იცის, რომ სატელევიზიო წარმატებამ შეიძლება სხვა შესაძლებლობები გააჩინოს. შესაძლოა, ზოგიერთი პროდუქტის ლიცენზირების პარტნიორი დაინტერესდეს მისი სახელის კიდევ ერთხელ დაქირავებით. უცხოური ბიზნესის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ მათ სურვილი ექნებათ დადონ ახალი გარიგებები.
Gallup- ის თანახმად, როდესაც 2009 წელს ბუშმა თეთრი სახლი დატოვა, საზოგადოებაში მისი მოწონების რეიტინგი მხოლოდ 34% იყო, 12 ქულით უარესი, ვიდრე ტრამპის. ცხრა წლის შემდეგ, 2018 წელს, CNN– ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 61% დადებითად ფიქრობდა ბუშზე. უფრო მოკლე ვადებში, ბარაკ ობამას კეთილგანწყობა 59% -დან 66% -ზე ავიდა.
რეპუტაციის “გადატვირთვა“ ტრამპს მისი ბიზნეს მოგების გაზრდაში ნამდვილად დაეხმარება.
მაგალითად, Trump National Doral-ის მოგება 2015 წელს 13,8 მილიონი დოლარიდან 2017 წელს 4,3 მილიონი დოლარამდე შემცირდა. იგივე პრინციპი ვრცელდება ტრამპის სასტუმროზე ჩიკაგოში, სადაც “ვაშინგტონ ფოსტის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მოგება 2015 წლის 16,6 მილიონი დოლარიდან 2018 წელს 1,8 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
არჩევნების წაგებამ შეიძლება ასევე დაეხმაროს ტრამპის ნიუ იორკის 59-ე ქუჩისა და პარკის გამზირის კუთხეში მდებარე შენობას, სადაც პრეზიდენტი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ფლობს. 2015 წლიდან 2019 წლამდე უძრავი ქონების ფასი 32% -ით დაეცა, მაშინ, როდესაც მანჰეტენის სხვა ძვირადღირებული ბინების გასაყიდი ფასები 15% -ით გაიზარდა.
ტრამპის ბიზნესის დიდი წნეხი უკავშირდება სესხს. მისი სასტუმროსთვის პრეზიდენტმა Deutsche Bank- ისგან 170 მილიონი დოლარი ისესხა, გირაოდ კი აღნიშნული სასტუმრო უზრუნველყო. გამსესხებლები ელიან, რომ ტრამპის ბიზნესი 2021-2024 წლებში სავარაუდოდ 900 მილიონ დოლარს დააბრუნებს. ამ მოცულობის ფულადი სახსრების მობილიზებისთვის საჭიროა აქტივების გაყიდვისა და მათი რეფინანსირების გარკვეული კომბინაცია.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულ ბანკს ტრამპთან ურთიერთობების გაწყვეტა სურს. ბანკის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ კავშირის გაწყვეტა უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ის აღარ იქნებოდა პრეზიდენტი.
ცხადია, აშშ-ის პრეზიდენტობის თანამდებობაზე გატარებულმა წლებმა ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს ბევრი ფინანსური პრობლემები მოუტანა, რასაც მოგვარება სჭირდება. დონალდ ტრამპს კი, რომელსაც ამ მხრივ გონება კარგად უჭრის, მისი პირადი სარგებელის გაზრდისთვის დროც და ენერგიაც საჭიროზე მეტი ექნება.