აზერბაიჯანი მზადაა TAP-ით ევროპისთვის გაზის კომერციული მიწოდება დაიწყოს

„ტრანსადრიატიკული მილსადენი“ (Trans Adriatic Pipeline, TAP) მზად არის ბუნებრივი აირის კომერციული გატარებისთვის აზერბაიჯანიდან ევროპაში - ამის შესახებ კონსორციუმი TAP AG წერს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სალონიკში მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 4,5 წლის შემდეგ მილსადენი მზადაა გაატაროს კომერციული გაზი.

„კომპანია BP, როგორც TAP-ის აქციონერი კომპანია, მოხარულია ამ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებით. ეს ნიშნავს, რომ შახ-დენიზის საბადოს დამუშავების „სტადია-2“ და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად არის რეალიზებული. ეს პროექტები პირველ რიგში შეცვლიან კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ რუკას მისი ევროპასთან დაკავშირებით. ახლა „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ, ეს უზარმაზარი საექსპორტო სისტემა სრულად არის ინტეგრირებული და მზად არის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს პირველად მოხდეს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში და შედეგად მიღწეულ იქნას მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დაწყების დროს დაითქვა“, - წერია განცახდებაში.

კონსორციუმმა TAP AG ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა.

TAP-ის სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 გადის საბერძნეთის ჩრდილოეთით, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 105 ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, დარჩენილი 8 კმ იტალიის ტერიტორიაზეა. TAP გახლავთ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტი, TANAP-ის გაგრძელება. ამ მილსადენმა წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს ევროპაში. მისი სიმძლავრეების შესაძლებლობა კი ამ მოცულობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

პროექტის თანამფლობელები არიან: კომპანია SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%). პროექტის ჯამური ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა.

კოკა კვირკველია