2019 საქართველოს მშპ 5%-ით გაიზარდა

დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ ლარი შეადგინა,

რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).

თაია არდოტელი