2020 ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
კერძოდ, ოქტომბერში დაახლოებით 28%-ითაა გაზრდილი ფულადი გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან, 40%-ით აშშ-დან, 26%-ით თურქეთიდან. ამასთან, ოქტომბერში 7%-ით შემცირდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.