საქართველოდან 53.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 977 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ლუქსემბურგში (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (496 ტონა), სომხეთი (497 ტონა), ბელორუსი (240 ტონა), თურქეთი (530), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (67 ტონა), იორდანია (38 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.