ყოველი დღე 10-20 ობიექტის დასასრულია... 2-3 კვირის შემდეგ დახმარებას უკვე აზრი აღარ ექნება - რესტორატორთა ასოციაცია

,,დღევანდელი მონაცემებით, ობიექტების ძალიან დიდი რაოდენობა დახურულია, ეს არის კაფე-რესტორნების 70%“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

კოტე გაბრიჩიძე იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც ხელისუფლებამ სექტორის გადასარჩენად მყისიერად უნდა გადადგას. მისივე თქმით, 2-3 კვირის შემდეგ, ნებისმიერი შეღავათი დაგვიანებული იქნება.

,,დღევანდელი მონაცემებით, ობიექტების ძალიან დიდი რაოდენობა დახურულია, ეს არის კაფე-რესტორნების 70%. რესტორატორთა ასოციაციას გვაქვს შიდა ჩატი, სადაც ყოველდღიურად იწერება, წევრების მხრიდან, სად რა დაიხურა.

ჩვენ ახლა გვაქვს მოლაპარაკებები ომბუდსმენის აპარატთან ერთად ხელისუფლებასთან. ეს ერთგვარად არის სექტორის რეანიმაციის მცდელობა, რომ რაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, გადარჩეს. ამისათვის საჭიროა საგადასახადო შეღავათები, დღგ-ს წნეხი უნდა შემცირდეს, მაშინაც კი, როცა წაგებაზე ვართ, გვიწევს მისი გადახდა. ბევრად ნაკლებია საშემოსავლო, რადგან ჩვენს ზოგიერთ ობიექტზე თანამშრომლების მეათედია დარჩენილი, ამიტომ ამ გადასახადის სიმძიმე ნაკლებია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საბანკო ვალდებულებების გადავადება და გადასახდელი პროცენტის სუბსიდირება, რომელზეც მთავრობა მუშაობს და როგორი ვერსიით შემოგვთავაზებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორ-სამ კვირაში და ერთ თვეში, ამ ნაბიჯებს უკვე აზრი აღარ ექნება. გასულ კვირას იყო მსგავსი სიგნალი, რომ მთავრობას კიდევ ერთი კვირა სჭირდებოდა დასაგეგმად. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე. ყოველი დღე 10-20 ობიექტის დასასრულია. ახლა ჩვენ ვართ ხელფეხშეკრული და გვეუბნებიან, რომ აბა კიდევ იმუშავეთ.

სანამ რესტორნებს 10 საათის შედეგ მუშაობის საშუალებას შეგვიზღუდავდნენ, ყველა ამბობდა, რომ შემოსავალი მინიმუმ განახევრებულია, ახლა კი ბრუნვის მხოლოდ მეოთხედია დარჩენილი. მე არ ვამბობ, რომ ეს არის კოვიდამდე, ვგულისხმობ მიმდინარე წლის ივნის-ივლისს“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი