მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.
„მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა). ქართული მანდარინი ექსპორტზე ასევე გავიდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.