მილსადენიც ამოქმედება გაზრდის როგორც საქართველოს გეპოლიტიკურ როლს ევროპისთვის, ასევე მას ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი - ასე აფასებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ გოჩიტაშვილი Tap-ის მისლადენის ამოქმედებას.
როგორც გოჩიტაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ დღემდე საქართველოზე გამავლი მილსადენით მხოლოდ რეგიონის ქვეყნები მარაგდებოდა, ამის შემდეგ გაზს საქართველოს გავლით ევროპაც მიიღებს.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ეფექტია, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელ SCP, TANAP და TAP მილსადენების განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.
ამრიგად, გაზსადენის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოსათვის ორი კონტექსტი აქვს. გარდა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდისა, მას ექნება პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი. ამ კუთხითაც არსებობს პირდაპირი ინტერესი, რადგან ჩვენზე გამავალი გაზის მოცულობის 5%-ს შევიძენთ შეღავათიანი ფასით და ამასთან, ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს საქართველო“- განაცხადა გოჩიტაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, კონსორციუმი TAP AG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი მზადაა TAP-ით ევროპისთვის გაზის კომერციული მიწოდება დაიწყოს. ტრანსადრიატიკული მილსადენი გაზს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის გიგანტური შაჰ დენიზ II საბადოდან ევროპაში გადაიტანს. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ მ3-ს შეადგენს.