დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ე.წ ლოკდაუნი, იგივე სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი უკვე დაწესებულია.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელეს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღესაც იყო. საღამოს კიდევ გაიმართება დამატებითი კონსულტაციები და ასევე, ხვალაც. ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რაზეა საუბარი, ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. მე ჩემს რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაჟღერებ, იმიტომ, რომ საბჭო გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებს.
ის, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა, მარტო გამკაცრება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდავი ღონისძიება არის პირბადის ყველგან ტარება. დღევანდელი ახალი ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, რომელსაც მთელ მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზე აკეთებს ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55%-დან 60-მდე. თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, პირიქით, ყოველდღიური ინფიცირება ქვემოთ წამოვა. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა მის აღასრულების კონტროლს აქვს, სწორად ვაკეთებთ თუ არა მისი აღსრულების კონტროლს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.