სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იტესტება, უშუალოდ კოვიდკლინიკების პერსონალი იტესტება შვიდ დღეში ერთხელ, ხოლო სასწრაფო სამედიცინო პერსონალი - 72 საათში ერთხელ. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განმარტა, ეს იმისთვის კეთდება, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებული პერსონალის იზოლირება, რათა ის შემდგომი გავრცელების წყარი არ გახდეს.
“ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია. არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. მაგალითად დღეს, ბოლო 24-საათის განმავლობაში, ინფიცირებულია დამატებით 120 სამედიცინო პერსონალი - აქ იგულისხმება ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა გაუმჯობესდა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პერიოდულად ისინი ინფიცირდებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.