ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში Association of Southeast Asian Nations ორგანზიაციის (ASEAN ) წევრმა ქვეყნებმა და რეგიონის კიდევ ხუთმა ქვეყანამ კვირას ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ეწოდა Regional Comprehensive Economic Partnership (RCEP) (მრავალმხრივი რეგიონალური ეკონომიკური პარტნიორობა).
როგორც დასავლური მედია წერს, ხელშეკრულებას ხელი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ტელეხიდით გამართული სამიტის ფარგლებში მოეწერა. „მრავალმხრივი რეგიონალური ეკონომიკური პარტნიორობის“ (Regional Comprehensive Economic Partnership - RCEP ) წევრები არიან ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჟა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები, ავსტრალია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და იაპონია.
აღნიშნული შეთანხმება ქმნის სავაჭრო გაერთიანებას, რომელზეც მოდის მსოფლიო მშპ-ს მესამედი.
როგორც შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს ვაჭრობის ლიბერალიზაციას რეგიონში, „რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაძლიერებას“.