საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ.
"გზამკვლევის მომზადებამდე „Lonely Planet“-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია „Lonely Planet“-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.
Lonely Planet-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტურისტული გზამკვლევი იხილეთ ბმულზე: https://shop.lonelyplanet.com/products/wine-trails-europe-1