აშშ-ის ავიარეგულატორი Boeing 737 MAX-ზე ექსპლუატაციის ნებართვას ხვალიდან გასცემს

აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამმართველო 18 ნოემბერს გეგმავს ნებართვა გასცეს Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ავიამარეგულირებელი ლაინერის შემოწმების საბოლოო ეტაპზეა. უწყება, როგორც მოსალოდნელია, გასცემს რეკომენდაციას, პილოტების გადამზადებისთვის, განახლებული მართვის პროგრამის შესასწავლად.

მანამდე მარეგულირებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ლაინერის შეფასების დასრულებას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. აგვისტოში კი სამმართველომ მოუწოდა კომპანიას შეეტანა ცვლილებები თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში.

შეგახსენებთ, Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიაში Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ანალოგიური მოდელის ლაინერით ავიაკატასტროფა განიცადა ინდონეზიის Lion Air-ის თვითმფრინავმა, შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი.

Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი გახდა პროგრამაში ხარვეზი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი თქვეს ამ ლაინერების გამოყენებაზე.

კოკა კვირკველია