გაიხსნება თუ არა სეზონი ზამთრის კურორტებზე და როდის, კლიმატურ პირობებსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ზამთრის სეზონის გახსნის თარიღთან დაკავშირებით განუცხადეს.
კითხვაზე, რამდენად მომზადებულია ზამთრის კურორტები სეზონისთვის, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა, ამასთან, კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი აღიჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით და მომზადდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
„ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად რეკორდულ დროში დასრულდა.
უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება გუდაურში. ეს არის კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას. პროექტს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ახორციელებს ევროპელ პარტნიორებთან TAS by MND, Stem და Wucher Helicopter-თან ერთად. ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოში დაინერგა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდები ზვავების ეფექტური მართვის, როგორიცაა GAZEX, DaisyBell და Secubex. პირველად ამიერკავკასიაში შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა და მათი მართვა ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით. 2020-2021 და 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვასა და ზვავების რისკის მონიტორინგს განახორციელებს კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, PIDA-თი გაწერილი და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხოლო 2022 წლის შემდგომ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვას გადმოიბარებს მთის კურორტების განვითარების კომპანია.
გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილად მუშაობას. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა 96 000 ტონაა. ვიმედოვნებთ, რომ ნალექის სიმცირის გამო დამსვენებლებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ.
რაც შეეხება სეზონის გახსნას, ეს დამოკიდებულია, როგორც ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე (თოვლი), ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.