2020 წელს უმუშევრობის დონე 16.3%-მდე გაიზრდება

2020 წელს საქართველოში უმუშევრობა 4%-ით გაიზრდება. ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ საბაზო საპროგნოზო სცენარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.3%-ს მიაღწევს. (2019 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 12,3%) რაც შეეხება მომავალ წლებს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს უმუშევრობა 0.5%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 2%-ით შემცირდება.

სებ-ის ოპტიმისტური სცენარით, რაც ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას გულისხმობს, უმუშევრობა 3,5%-ით გაიზრდება, პესიმისტური სცენარით კი 5%-ით.

მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობის ზრდას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. კრიზისი ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ნიშნავს, რაც უმუშევრობის ზრდაზე პირდაპირ აისახება. როგორც მთავრობის წარმომადგნლები აცხადებენ, კრიზის გავლენით მიმდინარე წელს სამსახური უკვე 100 000- მდე ადამიანმა დაკარგა.

გარდა ამისა, უმუშევრობის ზრდაზე გავლენას მოახდენს მეთოდოლოგიური ცვლილებაც. კერძოდ, როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის აღრიცხვის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც, პირი აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად, თუ მის მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უმთავრეს ნაწილს მოიხმარს საკუთარი მიზნებისთვის და არ არის ბაზარზე ორიენტირებული.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე