ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელი 9 პუნქტით გაუმჯობესდა და 47-ე პოზიციაზე გადაინაცვლა

EF English Proficiency Index მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ინგლისური ენის ცოდნის დონეს ადგენს.

მათი ინფორმაციით, წლიდან წლამდე მსოფლიოში ინგლისური ენის მცოდნეთა რიცხვი იზრდება და დღესდღეობით მას მშობლიურ ან მე-2 ენად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.

ორგანიზაციამ ინგლისური ენის ცოდნასთან დაკავშირებით კვლევა სულ 100 ქვეყანაში ჩაატარა და ისინი ენის ცოდნის 5 კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავს იმ ქვეყნებს, სადაც ინგლისური სახელმწიფო ენაა.

სიის პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს. მას დასავლეთ ევროპის ქვეყნები - დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია, პორტუგალია და გერმანია მოჰყვებიან.

სიის ბოლოში კი აზიის ქვეყნები - ომანი, ერაყი და ტაჯიკეთი მოხვდნენ.

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა. საქართველო ინგლისური ენის ცოდნის მე-3 საშუალო კატეგორიის ბოლო ადგილზე იმყოფება.

ამასთან, გასულ წელს საქართველო რეიტინგში 56-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, წელს კი მაჩვენებელი 9 პუნქტით გაუმჯობესდა.

ევროპის ქვეყნებთან შედარებით კი, საქართველო ინგლისური ენის ცოდნით ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა და რეიტინგში ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა, ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი და ალბანეთი.

ბექა ბერიაშვილი