სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გაი კავასაკი იქნება

თბილისი სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ - გაი კავასაკი იქნება.

სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება და 5,000-ზე მეტ მონაწილესა და 100-ზე მეტ სპიკერს გააერთიანებს.

სწორედ 100 უმაღლესი რანგის სპიკერს შორის არის გაი კავასაკი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის მრავალი ბესტსელერის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.

ამჟამად, კავასაკი გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva-ს ევანგელისტი და მერსედეს ბენცის ბრენდ ამბასადორია, წარსულში კი სტივ ჯობსთან ერთად Apple-ის და მაკინტოშის მარკეტინგს უძღვებოდა. იგი ასევე 15-მდე ბესტსელერი წიგნის ავტორია. მისი წიგნი "იდეიდან პირველ მილიონამდე" ქართულ ბაზარზეც მრავალი წელია ბესტსელერის სტატუსს ინარჩუნებს ბიზნეს ლიტერატურის მიმართულებით.

startup2-1605614685.png

სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენცია წელს მეორედ იმართება და მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ასევე, სტარტაპ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს, მათ შორის სტარტაპ გრაინდი თბილისის წარმომადგენლობას, რომლის მთავარი მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის და ქართული სტარტაპების ხელშეწყობა.

“Early Bird” ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე - startupgrind.ge.