მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway აცხადებს, რომ ოთხ დიდ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში ინვესტირება დაიწყო. ინვესტირების ახალი პროგრამა ფსონს დებს იმაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების და წარმოების დაწყების შემდეგ, ეს კომპანიები დიდ მოგებას მიიღებენ.
„ბერკშირის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ლაპარაკია იმაზე, რომ კომპანია ფარმაკოლოგიურ ბიზნესში, ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს და ეს თანხა ოთხი დიდი კომპანიის აქციებზე განაწილდება. 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება ამერიკული კომპანიების, Abbvie-ს, Merck-ის და Bristol-Myers Squibb-ის აქციებზე, 136 მილიონი დოლარით კი ასევე ამერიკული Pfizer-ის აქციებს შეისყიდიან. „ბერკშირის“ განცხადების შემდეგ, ოთხივე კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
„ბერკშირის“ საინვესტიციო პაკეტი 245.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსხვილ პროექტებზე გადაწყვეტილებას თავად მილიარდერი ღებულობს. გარდა ამისა, ახალი საინვესტიციო პროგრამების შემუშავებაში, ბაფეტის პორტფელის მენეჯერები, ტოდ კომბსი და ტედ ვეშლერი მონაწილეობენ.
„კოვიდ-19-მა ჩვენი აზროვნების მიმართულება შეცვალა. სექტორი სულ უფრო ეფექტური ხდება იმ დროს, როცა გიგანტი კომპანიები, უფრო პატარა, გამომგონებელ კონკურენტებთან თანამშრომლობენ. ასეთ კომპანიებს კი დიდი მწარმოებლები სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ მიერ შემუშავებული წამლები და ვაქცინები, ბაზარს ეფექტურად მიაწოდონ“, - ამბობს „ბერკშირის“ აქციების მფლობელი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Henry H. Armstrong-ის პრეზიდენტი ჯეიმს არმსტრონგი.
ახლახანს „ბერკშირმა“ ამერიკული საბანკო გიგანტების, JPMorgan Chase-ს, Wells Fargo-ს, PNC-ს და M&T-ს აქციების მსხვილი პაკეტები გაყიდა, რის შემდეგაც, Bank of America-ში საკუთარი წილი გაზარდა, Apple-ში კი წილი შეამცირა. საინვესტიციო კომპანიამ ასევე, სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მომუშავე კომპანიების წილი გაყიდა. აპრილში „ბერკშირმა“ ამერიკულ ავიაკომპანიებში თავისი აქციების ნაწილი გაყიდა და გამოაცხადა, რომ პანდემიამ ეს ბიზნესი ძლიერ შეცვალა და მისი მომავალი გაურკვეველი გახდა. სამაგიეროდ, ოთხი დიდი იაპონური სავაჭრო გაერთიანების აქციები შეისყიდა და ეს გარიგება ჯამში 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა.