,,პროგრამით გათვალისწინებული პორტფელის ათვისება ამ მომენტისათვი უკვე 72 მლნ ლარია“ - ამის შესახებ პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სექტორებისათვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე საუბრისას განაცხადა.
ხიდურელის თქმით, პროგრამა წარმატებულად მუშაობს და პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე ემატება სექტორებიც.
,,ჩვენი პროგრამები, სტანდარტულად ყოველთვის მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დღეს მთელი მსოფლიოა, სააგენტოც გადაეწყო და ანტიკრიზისული პროგრამები შეიმუშავა. ანუ დროებით ჩვენს პროგრამებს დაემატ კოვიდ პროგრამები. ერთ-ერთი არის ღონისძიებების დაგეგმვის დარგის დახმარება, რომლებსაც რეგულაციების გამო შემოსავალი შეუმცირდათ, რიგ შემთხვევებში კი, საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩვენ, მსგავსი პროგრამა გვქონდა სასტუროებისთვის, როცა ჯერ 6 და შედეგ 12 თვით ვუსუბსიდირებით სესხის საპროცენტო განაკვეთს. ახლა, ეს პროგრამა გავავრეცელეთ ღონისძიებების სექტორზეც. ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს მარტიდან დარიცხული სესხის პროცენტი 12 თვის განმავლობაში აუნაზღაურდებათ100%-ით სახელმწიფოს მიერ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკებს ამ თანხის გამოყენება შეეძლებათ ძირი თანხის დასაფარადაც. შესაბამისად, ეს მათ აძლევთ დიდ თავისუფლებას დაიკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც მათ პირველადად აქვთ. ამ კომპონენტში, როგორც ზოგადად აწარმოე საწართველოს ყველა პროგრამა, ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეხება მხოლოდ მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებს“, -ამბობს ხიდურელი.
,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს იმასაც, თუ რატომ არის 2.2 მლრდ ლარის პორტფელიდან მხოლოდ 72 მლნ ლარი ათვისებული.
,,2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის სასესხო პორტფელი მთლიანად იყო დაახლოებით 370 მლნ ლარი, ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო პანდემია. ამას კი თუ გამოვაკლებთ სექტორებს, სადაც ჩვენ არ შევდიოდით ეს არის ვაჭრობა და ა.შ დავალთ სადღაც 100 მლნ ლარამდე. პანდემიის პირობებში კი, ახალი პროგრამით გათვალისწინებული პორტფელის ათვისება ამ მომენტისათვი უკვე 72 მლნ ლარია. პროგრამა დაიწყო მხოლოდ ნახევარი წლის წინ, რაც ნიშნავს, რომ ათვისება ძალიან მაღალია. ის, რომ ჩვენ ვთქვით, 2.2 მლრდ ლარის პორტფელს მოემსახურებოდა ეს პროგრამა, არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ 2020 წლის ბოლომდე მოხდება სრული დაფარვა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია.
პროგრამა მუშაობს წარმატებულად და ასევე, გვაქვს რესტრუქტურიზებული პროექტები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავამატეთ პირველადი სოფლის მეურნეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმ ფონზე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, აქვს არაერთი პროექტი იგივე მიმართულებით. ასე რომ, ეს ორი პროგრამა ერთად იქნება უმნიშვნელოვანესი. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმში პირველ ადგილზე გვაქვს კვების პროდუქტების წარმოება, სადაც 20 მლნ ლარის სესხი გვაქვს გაცემული 26 პროექტზე, ასე რომ, პროგრამა მუშაობს წარმატებით“- განაცხადა ხიდურელმა ,,საქმეში“.