„ჯავშნები პრაქტიკულად, არ არის“-  რას შესთავაზებენ წელს გუდაურის სასტუმროები დამსვენებლებს

თუ გასულ სეზონს გუდაურის სასტუმრობის უმრალესობა ახალ წელს 100%-იანი დატვირთვით შეხვდა, 2020-ში პანდემიამ ვითარება რადიკალურად შეცვალა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, ზოგადად, ჯავშნები 97%-ით შეუმცირდათ, ადგილობრივი დამსვენებლები კი, ამ დრომდე არ ჩანან.

შექმნილი ვითარების გამო, კომპლექსები გეგმავენ, რომ ბიზნესი საკუთარი სახსრებით გადაარჩინონ, შიდა ტურისტებს კი, რაც შეიძლება მეტი ფასდაკლების პაკეტი შესთავაზონ.

სასტუმრო „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია: „ჯავშნები პრაქტიკულად, არ არის. ყოველ შემთხვევაში, შარშანდელთან შედარებით, 97%-ით გვაქვს შემცირებული, რადგან ძირითადად, უცხოელ ტურისტებზე ვმუშაობდით.

ვგეგმავთ, რომ საკუთარი სახსრებით გადავარჩინოთ ბიზნესი. თუმცა ფასების მომატებას არ ვაპირებთ. გვინდა, რომ გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ დამსვენებლებს და ამ გზით მოვიზიდოთ ტურისტები. ამ მიმართულებით ჯერ ისევ სამუშაო პროცესში ვართ.

ჯერჯერობით პირადი სახსრებით ვიმუშავებთ, სასტუმრო რომ არ დაიხუროს და შემდეგ უკვე, გაზაფხულზე შევხედავთ, რა სიტუაცია იქნება, იმის მიხედვით დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს“,- განაცხადა ირაკლი კუტალიამ.

სასტუმრო „ქუადრუმის“ ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი ამბობს, რომ ამ დროისთვის, უცხოელების მხრიდან ჯავშნები მაინც არის. თუმცა, პანდემიის და ფრენების სირთულის გამო, სავარაუდოდ, გაუქმდება.

„ჩვენი სასტუმრო პანდემიის დაწყებისას, გაზაფხულზე დაიხურა. თუმცა ივლისის ბოლოსკენ ყველანარი ზომების დაცვით გავხსენით. ამ დროისთვის რა თქმა უნდა, ჯავშნები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. ჩვენ მაინც უფრო ორიენტირებული ვიყავით უცხოელ ტურისტებზე. მათი მხრიდან ნომრების 30-40% დაჯაშვნილია. ძირითადად არიან რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ალბათ, ყველა გაუქმდება ფრენების სირთულის გამო. ჩვენ უკვე მზად ვართ ამისთვის და ვეუბნებით, რომ წინასწარ თანხის გადმორიცხვა არ გვინდა, რადგან მისი დაბრუნებაც შემდეგ საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ადგილობრივებს, მათი მხრიდან ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს. ზოგადად, ქართველები დიდი ხნით ადრე ნაკლებად ჯავშნიან.

გასულ წელს მთლიანი ზამთარი წინასწარ იყო დაჯაშვნილი, მაგრამ ახლა ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით.

მზად ვართ იმისთვისაც, რომ შესაძლოა, ზარალზე მოგვიწიოს მუშაობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილობრივ ტურისტებს მოვერგოთ და დავაინტერესოთ. ფასების მომატებაზე საერთოდ არ არის საუბარი, პირიქით, გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი შეღავათიანი პაკეტი შევთავაზოთ“,-აცხადებს ირაკლი ერისთავი.

ნინი ქეთელაური