„აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისულ პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატება - „ვაგრძლებთ მუშაობას ანტიკრიზისული პროგრამების შესაქმნელად“

,,ვაგრძლებთ მუშაობას ანტიკრიზისული პროგრამების შესაქმნელად კომპანიებისა და სექტორებისათვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ“- ამის შესახებ, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვენლმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ხიდურელმა ,,საქმეში“ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზნებზე და სასტუმროების თანადაფინანსების ანტიკრიზისულ პროგრამაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, არ სურს დაასწროს მოვლენებს, თუმცა პროგრამას ბენეფიციარები დაემატება იმის მიხედვით, თუ რომელ სექტორებს დააზარალებს ყველაზე მეტად პანდემია.

,,საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს გააჩნია ორი მიზანი. ერთი, ეს არის ახალი ბიზნესების დაფინანსება, სადაც ახალ სესხზე 90% იანი გარანტიით შევდივართ და მეორე - ეს არის არსებული სესხების რესტრუქტურიზაცია 30%-ით. სწორედ ამიტომ ჩვენს პროგრამაში მოხვდა კინოთეატრები და სხვა ისეთი ბიზნესებიც, რომლებიც პანდემიის გამო გაჩერებულია და სჭირდებათ დახმარება.

რაც შეეხება, სასტუმროების თანადაფინანსების 12-თვიანი ანტიკრიზისულ პროგრამას, თუ აქამდე, სესხი, რომელიც სასტუმროს ჰქონდა აღებული, 100%-ით მიზნობრიობა უნდა ყოფილიყო სასტუმროსთვის, ჩვენს ახალ პროგრამაში, მხოლოდ სესხის 80% უნდა იყოს სასტუმროსათვის მოხმარებული. დანარჩენი 20% კი, არის შერეული მიზნობრიობა. ფილტრი გავაფართოვეთ და შესაბამისად, გაიზარდა ობიექტების რაოდენობაც. ეს განპირობებულია კონკრეტული რამით, არსებობენ სასტუმროები, რომელსაც ნამდვილად ამ ბიზნესისთვის აქვთ სესხი აღებული თუმცა მიზნობრიობაში სხვა რამ აქვთ მითითებული.

არ დავასწრებ მოვლენებს, თუმცა თქვენ ადევნებთ თვალს, როგორ დინამიურად ვადაპტირდებით, ფაქტობრივად, თვეში ერთხელ მაინც ვამუშავებთ ახალ პროგრამას. კარგია ის რომ, სააგენტოში დაგროვდა გამოცდილება და რესურსი ამ მიმართულებით. ვაგრძლებთ მუშაობას იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ, რათა შევუქმნათ ანტიკრიზისული პროგრამები, ამიტომაც ვამატებთ მუდმივად ახალ სექტორებს“- თქვა ხიდურელმა.

თამარ მუკბანიანი