„თუ ჩვენ ერთნაირ პირობებში ვიქნებით, ქართული კომპანია უფრო მოქნილი და მისაღები გახდება ქართველი მგზავრებისთვის, ვიდრე ჩვენი კონკურენტები“, - ამის შესახებ "ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. საუბარია, ბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის გამოჩენაზე, რაზეც „აირ ჯორჯია“ მთავრობასთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებს.
როგორც გიორგი კოდუა აცხადებს, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „აირ ჯორჯიას“ Wizz Air-ის მსგავს პირობებში არ ჩააყენებს, კომპანია ფრენებს თბილისიდან ჩვეულებრივი ფასებით გააგრძელებს.
გიორგი კოდუას თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენის შემთხვევაში კი, „აირ ჯორჯია“ მგზავრებს ერთი მიმართულებით ფრენას 30 ევროდან, ხოლო 10კგ-მდე ბარგის გადატანას უფასოდ შესთავაზებს.
„სახელმწიფო ძალიან კარგად ექცევა Wizz Air-ს, მას მისცა ძალიან დაბალ ფასებში მომსახურეობა ქუთაისის აეროპოტში. შესაბამისად, სწორედ ამით ხდება განპირობება, რომ დაბალი ფასებია ქუთაისის აეროპორტიდან. როდესაც მთავრობას მივწერეთ წერილი დაბაზირებაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულ კომპანიასთან იყო სხვა პირობები. ამაზეა საუბარი, რომ თუ Wizz Air-ი არ გადაიხდის არანაირ მოსაკრებელს ქუთაისის აეროპოტში და ექნება საშეღავათო, ძალიან დაბალი ფასები, ხოლო ჩვენ მოგვიწევს გადახდა, კითხვა მაქვს, ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია?! დავდებთ იგივე ფასებს?! რა თქმა უნდა, ვერ. სახელმწიფომ ჩვენგან ეს მესიჯი მიიღო, უარი არ არის ნათქვამი, არც დადებითი პასუხი, მაგრამ მოლაპარაკების პროცესი მიდის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თუ იგივე პირობით მოხდა ჩვენი მომსახურება ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ დავდებთ უკეთეს ფასებს, ვიდრე Wizz Air-ი.
ეს იქნება, 30 ევრო, 50 ევრო, 60 ევრო, ერთი მიმართულება. ასევე, ჩვენ ვეცდებით, რომ ბარგის შემთხვევაში ვიყოთ უფრო მოქნილები. თქვენ იცით, Wizz Air-ს აქვს მხოლოდ 5 კგ, 7 კგ და ამის შემდგომ, მეტ წონაზე ახდევინებს 3.5 ევროს. ჩვენ შეიძლება ავწიოთ ეს ხაზი და 10 კგ-მდე უფასოდ შევთავაზოთ მომხმარებელს. ყოველთვის ვეცდებით, რომ საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით ვიყოთ უფრო კონკუნრენტუნარიანები, მოქნილები და მგზავრებისთვის ვიყოთ უფრო მისაღები, ვიდრე სხვა კომპანია. ეს არის კონკურენცია, ღია ბაზარი და აქ არ უნდა იყოს, ხელის შეშლა. მერწმუნეთ, თუ ჩვენ ერთნაირ პირობებში ვიქნებით, ქართული კომპანია უფრო მოქნილი და მისაღები გახდება ქართველი მგზავრებისთვის, ვიდრე ჩვენი კონკუნეტები“,-განაცხადა გიორგი კოდუამ.