საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაზე ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

18 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემებს პანდემიის პერიოდში სადაზღვევო ინდუსტრიის მდგომარეობა, ქართულ ბაზარზე მისი ზრდის საკითხი, გამოწვევები და მისი გაციფრულება წარმოადგენდა.

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება XPRIMM-ის მხარდაჭერით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. მასზე დასწრება ყველა დარეგისტრირებული მსურველისთვის თავისუფალი იყო.

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უძღვებოდა ფრანკფურტის გოეთესა და ლუვენის უნივერსიტეტების პროფესორი კარელ ვან ჰულე. მასში მონაწილეობა მიიღეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯმდომარემ და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ადგილობრივი სადაზღვევო ბიზნესის სხვა წარმომადგენლებმა.

ღონისძიების პირველი პანელის თემა იყო ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისა და მარეგულირებლის მოდერნიზაციის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები. პანელის სპიკერებმა დავით ონოფრიშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული საკითხი მიმოიხილეს.

126200631-3414718668647645-3884166079537118979-n-1605705994.jpg

დავით ონოფრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა 2020 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით. აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა სადაზღვეო ინდუსტრია 2019 წლის 9 თვესთან შედარებით მოზიდული პრემიისა და მოგების მაჩვენებლით ჯერჯერობით უკეთესი შედეგი აქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა აღნიშნული ძირითადად განპირობება პანდემიამდე პერიოდში სადაზღვევო ბაზრის საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდამ. პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირებულია დაზღვევის ისეთი სახეობები როგორიცაა სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა, სამოგზაურო, საავიაციო და მესამე პირის მიმართ პასუხისემგობლის დაზღვევა.

ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სადაზღვევო ბაზრის განვითარების გეგმებს, სადაც აღინიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სიცოცხლის დაზღვევის, აგროდაზღვევის, სხვადასხვა სახის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობების განვითარების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად არსებული ვითარებისა და სადაზღვევო ბიზნესის ზრდის პოტენციალზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარს გაორმაგების პოტენციალი აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში სადაზღვევო ბაზარი საკმაოდ სწრაფად განვითარდა, საქართველო მშპ-სთან მოზიდული პრემიების ფარდობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა განვითარებად ქვეყნებს, რაც მომავალში სადაზღვევო სექტორის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიების ფარდობა მშპ-სთან 1.3%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 3.8%-ია, განვითარებად EMEA ქვეყნებში კი - 2.0%. გარდა ამისა, საქართველო სხვა განვითარებად ქვეყნებს ჩამორჩება ერთ სულ მოსახლეზე მოზიდული პრემიების მოცულობითაც, კერძოდ, 2018 წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 54 აშშ დოლარია, თურქეთში კი 127 აშშ დოლარი, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდასთან და სავალდებულო სადაზღვევო სქემებთან ერთად მომავალში სექტორის განვითარების შესაძლებლობას იძლევა“, - განმარტა მან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სადაზღვევო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მსხვილი მოთამაშე უნდა გახდეს, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი იქნება.

„საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები სწორედ სადაზღვევო კომპანიები არიან. იმისათვის, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებიც ინსტიტუციონალური ინვესტორები გახდნენ, მნიშვნელოვანია, დაგროვებითი სადაზღვევო/საპენსიო პროდუქტების განვითარება, ისევე როგორც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი სავალდებულო დაზღვევების შემოღება“, - აღნიშნა მან.

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება და ბიზნესთან დაკავშირებით შეხედულებების გასაცვლელად ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა.

კონფერენციაზე საკუთარ მოსაზრებებს, შეხედულებებსა და სამომავლო გეგმებს ერთმანეთს უზიარებენ ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიები, ბროკერები, IT პროვაიდერები, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მთავარ უპირატესობებს წარმოადგენდა: საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრებზე უკანასკნელი ტრენდების აღმოჩენა, ფინანსურ ბაზრებზე ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენისთვის მომზადება, გამოცდილების გაზიარება, წარმატებული კომპანიების მაგალითების წარმოჩენა და განხილვა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია 2019 წელსაც გაიმართა, რომელზეც ასევე სადაზღვევო ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა.