,,არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო რეალურად დიდი პრობლემა, რამაც ყველაზე მეტად დააზარალა საავიაციო ბიზნესი“ - განაცხადა ,,ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე“.
„ამ ეტაპზე, როცა უკვე საუბარია ფრენების ნაწილობრივ აღდგენაზე, რაც დაწყებულია, ცალსახად დადებითი პროცესია. განსხვავებით სხვა სექტორებისაგან, სადაც ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ შორეულია. პირველ ეტაპზე მგზავრთნაკადის შეზღუდვა ნამდვილად იყო რელევანტური, თუმცა არც მაშინ არ იყო საჭიროება, რომ თუნდაც მცირე ხნით ტვირთების ნაწილსაც შეხებოდა შეზღუდვა.
არათანმიმდევრულ ნაბიჯებს შორისაა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის იყო მხოლოდ კარანტინი ორი კვირა, თუ ისინი სამშობლოში ჩამოდიოდნენ. ეს არის ფაქტობრივი აკრძალვა. პრობლემა იყო ისიც, რომ ქვეყნაში შემოსვლის მსურველ, საქართველოს მოქალაქეებს მოუწიათ სახმელეთო გზით შემოსვლა, რადგან ფრენები აკრძალული იყო, მაშინ როცა გაცილებით ნაკლებადაა უსაფრთხოება დაცული სამანქანო მიმოსვლისას.
საავიაციო ბიზნესის მუდმივი დანახარჯი არ არის ჩვეულებრივ სხვა ბიზნესებივით. მათ აქვთ დიდი დანახარჯი მიუხედავად იმისა, რამდენად არიან დატვირთულები, ამიტომ ისინი არიან ყველაზე მძიმე დღეში სხვა სექტორებთან შედარებით.
არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი ნაბიჯები, ეს იყო რეალურად დიდი პრობლემა რამაც ყველაზე მეტად დააზარალა საავიაციო ბიზნესი. თუმცა ამ ტიპის ნაბიჯებმა დააზარალა პანდემიასთან ერთად ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი“- განაცხადა გერლიანმა ,,საქმეში“.
ცნობისთვის, აეროპორტების მგზავრთნაკადი 82.49%-ით შემცირდა.