2020 წელს სახელმწიფოების ვალი 277 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება

მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 2020 წლის ბოლომდე 277 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც მსოფლიოს მშპ-ს 365%-ს შეადგენს. მსგავს შეფასებას აკეთებენ ვაშინგტონში მოქმედი „საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის“ ექსპერტები გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც მსოფლიოს მთავარ კერძო საბანკო-საფინანსო ლობისტურ ფინანსურ ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემია გახდა მსოფლიოს მასშტაბით ვალის 15 ტრილიონი დოლარით ზრდის მიზეზი, რამაც თავის მხრივ, ახალი რეკორდი დააფიქსირა, 272 ტრილიონი დოლარის მოცულობით 2020 წლის მესამე კვარტლისთვის.

„გამომდინარე იქედან, რომ ფინანსური დახმარებები პანდემიასთან ბრძოლაში იზრდება, ველოდებით, ეს ციფრი წლის ბოლომდე გაიზარდება 277 ტრილიონ დოლარამდე“, - აცხადებენ ინსტიტუტის მკვლევარები.

ამასთან, მათი მონაცემებით არაფინანსური სექტორის ვალი წელს გაიზრდება 210 ტრილიონ დოლარამდე, მაშინ როცა 2019 წელს იყო 194 ტრილიონი დოლარი. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების ვალი უახლოვდება მათი ჯამური მშპ-ს 210%-ს, გასულ წელს კი ის უდრიდა 185%-ს, ხოლო ათი წლის წინ 140%-ს.

შეგახსენებთ, მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება, მაგრამ ის 5,2%-ით გაიზრდება მომავალ წელს.

კოკა კვირკველია