გერმანია ავტოინდუსტრიას დამატებით 3 მილიარდით დაეხმარება

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის ავტოინდუსტრიის დასახმარებლად დამატებით 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

ჯამში კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ავტოინდუსტრიისთვის ხელისუფლების მხრიდან გაცემული იქნება 5 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა.

გაცხადებული თანხიდან 1 მილიარდი გადაირიცხება ე.წ. „ავტომრეწველობის მომავლის ფონდში“, რომელიც განკუთვნილია საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებზე ამ სექტორის ტრანსფორმაციისთვის. ამ მიზნით გაძლიერდება თანამშრომლობა ცალკეულ სტრუქტურებსა და ფედერალურ სტრუქტურებს შორის, მიწებისა და რეგიონალურ დონეზე, ასევე ბიზნესის, სამეცნიერო და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის.

ბერლინმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე გაახანგრძლივებდა კომპენსაციების გაცემას იმ მყიდველებისთვის, რომლებიც შეიძენდნენ ელექტრომობილებს. ახლა კი ამ ვადამ 2025 წლამდე გადაიწია.

ცნობისთვის, გერმანიაში ახალი ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 3,6%-ით შემცირდა და 274,303 შეადგინა. მიმდინარე წლის განმავლობაში კი გაყიდვები შემცირებულია 23,4%-ით 2,3 მილიონამდე.

კოკა კვირკველია