წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846.1 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11.5 მილიონ ფრთას მიაღწია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 154.8 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება.