ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაამტკიცა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ახალი პროგრამის ფარგლებში, ის კომპანიები, რომლებიც უცხოური კაპიტალითაა შექმნილი და ახალი წარმოების გახსნას გადაწყვეტენ, მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიციის ჩადებისა და 150 ადამიანის დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან 1 მილიონის ოდენობის გრანტს მიიღებენ.
„დღეს მთავრობას წარვუდგინეთ და დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს მიემატება, ეს არის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები. კერძოდ, ახალი პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც უხოური კაპიტალით შექმნილია და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე, ათი მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მათ მიეცემა თანადაფინანსება ე.წ. FDI გრანტი, 1 მილიონი ლარი ოდენობით. ამ გრანტის მიზნობრიობაც იქნება, პირველ რიგში, დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება. ასევე, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეს ახალი პროგრამა და შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც გადამამუშავებელ ინდუსტრიას მიეკუთვნება.
„ესაა ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, ეს არის სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, ეს არის მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილებების, მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა, სასაწყობო მეურნეობა და რამდენიმე სხვა დარგი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.