ბიზნესი, რომელიც ერთ დროს საკმაოდ მომგებიანი იყო, დღეს გადარჩენისთვის იბრძვის.
კორონავირუსის პანდემიამ და მეზობელ ქვეყნებში არსებულმა მდგომარეობამ, ქართველ ავტოდილერების ნაწილს გაყიდვები არა თუ გაუნახევრა, ოთხჯერ შეუმცირა. ამბობენ, რომ მათი ბიზნესის მიმართ რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათი არ განხორციელებულა, შესაბამისად, არსებობა ძალიან უჭირთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 33 677 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, 45 189 ერთეულით ნაკლების, ვიდრე 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში. 57,2%-იანი შემცირების ფონზე ბიზნესი მაინც გადარჩენისთვის იბრძვის.
კომპანია ,,ქართრეიდ“-ის დირექტორი, მაკა ყრუაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გაყიდვების დინამიკა ბოლო დროს იმატებს, თუმცა მთალიანად გაყიდვები მაინც 4-ჯერ არის შემცირებული.
,,პანდემია გლობალური პრობლემაა, ყველა ქვეყანას შეეხო. ჩემი კომპანიის ძირითადი გაყიდვები აზერბაიჯანზე მოდის. პანდემიის დროს თითქმის 4 ჯერ შემიმცირდა გაყიდვები.
სამწუხაროდ, ჩემს კომპანიას არანაირი მნიშვნელოვანი შეღავათი არ შეხებია, თუმცა იყო შეღავათები, რომელიც განბაჟების გადავადებას გულისხმობდა და ეს უკვე მომხმარებლისთვის გაწეული შეღავათი იყო. ასევე იყო მცირედი შეღავათი ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით.
ყველაზე მძიმე პერიოდი ლოქდაუნის დროს იყო. ადამიანები ვეღარ მუშაობდნენ და ყველა თეთრს უფრთხილდებოდნენ. მანქანის ყიდვა და ამაში ფულის დაბანდება არ სურდათ, რადგან სახელოსნოები და ბაზარი დაკეტილი იყო, ვერ მოახდენდნენ ამ მანქანის შეკეთებას და რეალიზაციას. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. მოიმატა გაყიდვებმა, თუმცა პანდემიამდე როგორც იყო, ისე ჯერ ვერ არის. რაც მთავარია, დინამიკაში არის მატება“-განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მაკა ყრუაშვილმა.
მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა და ვიბრძვით, რომ გადავრჩეთ - ეს კიდევ ერთი ავტოიმპორტიორი კომპანიის პოზიციაა. GFIC-ის დამფუძნებელი, ზვიად ზიზიაშვილი აცხადებს, რომ გაყიდვების შემცირების გამო ოფისი პრაქტიკულად დახურა.
,,მდგომაროება იმდენად მძიმეა, რომ მე პირადად ოფისი დაკეტილი მაქვს, თუ საჭიროებაა მივდივარ და ვხსნი ნახევარი საათით, ისიც იშვიათად, როცა კლიენტები მიკავშირდებიან. იმის გარდა, რომ პანდემიამ ჩვენს ბიზნესზე ძალიან იმოქმედა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის გაუფასურება, რის გამოც ქვეყნის შიგნით მსყიდველუნარიანობა ძალიან შემცირდა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი, ჩვენი ძირითადი კლიენტები სომხეთიდან იყვნენ. იქ განვითარებული მოვლენების და ომის გამო აღარც იქედან გვყავს მომხმარებელი. მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა და ვიბრძვით, რომ გადავრჩეთ“-ამბობს ზიზიაშვილი.