ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, თერმოსკრინინგის აპარატების დამონტაჟება დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც. მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა,” - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი საშუალებით. თერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ყოველ გაჩერებაზე ავტომატურ რეჟიმში მოხდება. პროექტი საპილოტეა და სატესტო რეჟიმის გავლის შემდეგ, აპარატების მონტაჟი დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება.