„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე"

„საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩვენ კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში კარგი პოზიცია გვაქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო",- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53 - ე ადგილზე შეინარჩუნა.

„რეიტინგს ეწოდება გლობალური კეთილდღეობის ინდექსი. ის ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას. ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.