ყველა მოვაჭრე ცდილობს, ბიზნესი შეინარჩუნოს - როგორ მუშაობს „ლილო მოლი“ პანდემიის პირობებში

,,გაჭირვებით, მაგრამ ვმუშაობთ“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის, ,,ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელია აცხადებს.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ ახლა პულსი ძალიან არის შესუსტებული. შემცირებულია გაყიდვები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები ცდილობენ განაგრძონ მუშაობა.

,,ახლა პულსი ჩვენს ბაზრობაზე ზუსტად ისეთია, როგორიც ქვეყანაში. ვიცავთ ყველა წესს და ვცდილობთ, ვიმუშაოთ მაქსიმალურად რეკომენდაციების დაცვით. მიუხედავად ამისა, შემცირებულია როგორც მყიდველების რაოდენობა, ასევე თვითონ გაყიდვებიც. ჩვენ, მარტო მოლი არ ვართ, ჩვენ ვართ გაჭირვების ადგილი. იყო პერიოდი, როცა თბილისში მხოლოდ ლილოს ბაზრობა და პურის ქარხანა მუშაობდა. ყოველთვის, როცა სოციალურად გაუჭირდება საქართველოს, ჩნდება ლილოზე მოთხოვნა, რადგან სიიაფის ნიშა გვიკავია და ერთ სივრცეში ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისევ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, გაჭირვებით, მაგრამ ვმუშაობთ.

ამ მომენტში, ბაზრობაზე არ გვაქვს თავისუფალი ფართები. ყველა მოვაჭრე ცდილობს, გაჭირვების მიუხედავად ბიზნესი შეინარჩუნოს“- აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

თამარ მუკბანიანი