პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი - მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში კორონავირუსის „მეორე ტალღა“ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე გადაივლის, ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას.

დოკუმენტის მიხედვით, დადებით პროგნოზს განაპირობებს ისიც, რომ 2021 წლისათვის ეკონომიკური აგენტები პანდემიასთან უკეთ ადაპტირდებიან, რაც ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის“ როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენას შეუწყობს ხელს. ამასთან მოსალოდნელია, რომ ტურიზმის სექტორი მომავალი წლისთვის მცირედით, მაგრამ მაინც აღდგება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე