„არჩევნების მეორე ტურის მერე ვაპირებ, ნებისმიერ კლინიკაში, სადაც ამის საჭიროება იქნება, რიგით ექიმად დავიწყო მორიგეობა“

„ჩემი შეხედულებით, კლინიკურ მედიცინაში მოკრძალებული გამოცდილებით და ინტუიციით, ვფიქრობ, კოლაფსი არ დადგება. თუმცა სიტუაცია იქნება ძალიან რთული და ამ პრობლემის დაძლევას ძალიან სერიოზული მობილიზაცია დასჭირდება“. ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ახლა პანდემიასთან, კორონასთან მიმართებით სიტუაცია გაუარესებისაკენ გვაქვს. ეს გამოიხატება იმით, რომ ავცდით დაავადებულთა სადღეღამისო რაოდენობის ძალიან საგანგაშო ზღვარს - 3 ათასს დღე-ღამეში. რესურსები, რომლითაც ამის დაძლევა უნდა მოხდეს, არის პირველ რიგში საორგანიზაციო, მერე არის პირველ რიგში ადამიანური რესურსი, ტექნიკური და აღჭურვილობითი რესურსი.

რაც შეეხება, ადამიანურ რესურსს (ექიმები და ექთნები) კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემ დიდ პატივისცემას, ძალიან დიდი მობილიზაციის რესურსი აქვთ, მაგრამ ეს ამოუწურავი არ არის, დაღლილობა დიდ შეცდომებს გაშვებინებს ასეთ შემთხვევაში. ამოცანა არის, რომ მოხდეს ადამიანური რესურსის გაძლიერება. კვალიფიციურ სპეციალისტებს შეძლებისდაგვარად უნდა ჩამოაშორო ის ამოცანები, რისი შესრულება სხვასაც შეუძლია.

მეორე ნაბიჯი არის დასახმარებლად იმ ექიმ-სპეციალისტების მობილიზაცია, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით, არ მუშაობენ ექიმ-სპეციალისტებად. მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც ვარ რეანიმატოლოგი, ვაპირებ, რომ 21 ნოემბრის, მეორე ტურის მერე ნებისმიერ იმ კლინიკაში, სადაც ამის საჭიროება იქნება, რიგით ექიმად დავიწყო მორიგეობა. თუკი დავინახე, რომ ამის საჭიროება არის (ჯერჯერობით, დღეს არ არის, თუმცა, ვფიქრობ რომ დადგება) აუცილებლად გავაკეთებ ამას,“-განაცხადა სერგეენკომ.

თაია არდოტელი