მსოფლიოში მოგზაურობის, „დუთი ფრისა“ და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მალე ქუთაისს განახლებული, 30 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერმინალი ექნება, რომლის Duty Free მაღაზიის ტენდერზე მალე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. TR Business-თან, რომელიც სიახლეებს ძირითადად აეროპორტების არასაავიაციო კომერციულ ობიექტებზე წერს, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.
გამოცემასთან თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კომერციული ფართები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ სამჯერ გაიზრდება.
"ქუთაისის აეროპორტის გაფართოება საშუალებას იძლევა კომერციული ფართები აეროპორტში 1000 კვ.მეტრით გაიზარდოს და განახლებულ ტერმინალში კომერციული დანიშნულების ობიექტებმა ჯამში 1300 კვ მეტრი ფართობი დაიკავოს. ახალი ტერმინალი 25 ათას კვ. მეტრამდე იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს მგზავრებს სხვადასხვა სახის პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. აეროპორტის მოგზაურებისთვის მრავალმხრივი არჩევანის საშუალების მიცემის გარდა, ჩვენ ასევე ბიზნესებს შორის სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი გვაქვს. ეს კი პროდუქტებისა და სერვისების მაღალხარისხიანი და მისაღები ფასების გარანტიას ქმნის“, - განაცხადა არჩუაძემ.
TR Business წერს, რომ ონლაინ აუქციონებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ძირითადად კომერციული ვაჭრობისთვის ატარებს. კომპანია პარტნიორებთან მიმართებაში საკმაოდ მოქნილია, მითუმეტეს ახლა, COVID 19-ის გავლენის პირობებში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორინეტირებული ჰაბია და ძირითადად ევროპულ წამყვან ლოუ ქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70 პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.