„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი აქვს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის" კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია, როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე", - განაცხადა დუნდუამ.
საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.