ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის მთავარი თემა განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში COVID-19-ის საპასუხო მონეტარული და საფინანსო პოლიტიკა იყო და დისკუსიის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე იმსჯელეს.
„საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ცენტრალური ბანკის საპასუხო ღონისძიებების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგა. კერძოდ: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება. პრეზიდენტმა ასევე ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ სვოპ ოპერაციების შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანია საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფა და სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი არ გახდეს. საუბარი შეეხო 2020 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტის ამოქმედებასაც, რომელიც როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვიდეოკონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საზედამხედველო ღონისძიებებსაც, რომელიც კომერციული ბანკების მიმართ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქებას გულისხმობს.
„ეს საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალს უთავისუფლებს და რესურსების პოტენციური ზარალების განეიტრალების ან ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობას აძლევს. გამოსვლის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის პანდემიის პირობებში. დისკუსიას მოდერირებას უწევდნენ სსფ-ის პროფესიული განვითარების ინსტიტუტის (ICD) დირექტორის ასისტენტი და განყოფილების უფროსი, ნორბერტ ფუნკე და სსფ-ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების განვითარების დეპარტამენტის, მონეტარული და მაკროპრუნციული პოლიტიკის განყოფილების უფროსი, გასტონ გელოსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.