არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში და კომპანიაში „ნატურალ 7“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

„დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი; შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4,700 ტონაზე მეტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

„ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. საწარმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარეობს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.