ერთ წელში დასაქმებულთა რაოდენობა 62 500 კაცით შემცირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ 1,628.7 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 62 500 დასაქმებულით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი თვითდასაქმებულებს უჭირავს, რომელთა რაოდენობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 822 700 კაცით განისაზღვრა. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 805 300 კაცს შეადგენს.

დასაქმებულთა შემცირების ფონზე მცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობამ 1 847.7 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 100 კაცით ნაკლებია. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში შედიან 15 წლისა და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მუშაობენ, ან მზად არიან დაიწყონ მუშაობა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევარი ადამიანების რაოდენობამ 219 000 ათასი კაცი შეადგინა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე