უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და წერტილოვან შეზღუდვებზე, ასევე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე.

აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. საბჭოზე ასევე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებაზე. ტესტირების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ PCR-ტესტების პარალელურად, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ანტიგენზე დამყარებული ტესტები.

საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 96 860 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 77 932 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 894 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3411 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5879 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.