ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა BuzzFeed Inc. ახალი ამბების კომპანიას HuffPost-ს ყიდულობს. შეძენის ფორმა აქციებით მოხდება და მისი საბოლოო გაფორმება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
აღნიშნული შენაძენი არის მსხვილი ბიზნესგარიგების ნაწილი, რომელიც BuzzFeed-მა Verizon Media-სთან გააფორმა, სწორედ Verizon Communications Inc.,-ის მფლობაშია HuffPost-ი. შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთმანეთის კონტენტს გაავრცელებენ საკუთარ პლატფორმებზე და ამავდროულად ერთობლივად გამოიყენებენ სარეკლამო რესურსებს. შეთანხმებით Verizon Media მიიღებს BuzzFeed-ის მინორიტარულ აქციების პაკეტს. კონტრაქტის უფრო მეტი დეტალი არ ხმაურდება.
უკვე ცნობილია, რომ BuzzFeed-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონა პერეტი ჩაიბარებს გაერთიანებულ კომპანიას, ასევე BuzzFeed-ი დაიწყებს HuffPost-ის ახალი მთავარი რედაქტორის მოძიებას.
კომპანიებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ BuzzFeed და HuffPost-ს ჰყავთ ერთმანეთის შემავსებელი აუდიტორიები და მასშტაბების გამყარებით მოგებული დარჩებიან.
HuffPost-ის შეძენა 29%-ით, 103 მლნ-მდე გაზრდის BuzzFeed-ის აუდიტორიას ყოველთვიურად.
აღსანიშნავია, რომ BuzzFeed და HuffPost-ის აუდიტორია ბოლო წლებია მნიშვნელოვნად იზრდება, მას შემდეგ, რაც ონლაინ ინფორმაციაზე და სწრაფ ახალ ამბებზე, ასევე ცხოვრების სტილსა და გართობაზე მოიმატა მოთხოვნამ. ამან კომპანიას საშუალება მისცა მოეზიდათ სარეკლამო შემოსავლები, თუმცა ბიზნესი გართულდა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებმა Facebook-მა და Alphabet-მა ონლაინ რეკლამის „გადაქაჩვა“ დაიწყეს. ამას დაემატა წლევანდელი პანდემია, რომელმაც მორიგი ფინანსური დარტყმა მიაყენა მათ.
ჯონა პერეტისთვის HuffPost-ის შეძენა ეს „სახლში დაბრუნებასავითაა“, წერს WSJ. ის 2005 წელს ამ საიტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო არიანა ჰაფინგტონთან და კენეტ ლარერორტან ერთად, თავად მედიას მაშინ ეწოდებოდა The Huffington Post.
ამ ორი კომპანიის გაერთიანება ხდება ვებ-ტრაფიკის ვარდნის ფონზე - წერს Comscore, რომლის მონაცემებით ოქტომბერში BuzzFeed-ის ტრაფიკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით შემცირდა 69 მილიონ უნიკალურ მომხმარებლამდე. ამავე პერიოდში HuffPost-მა შეძლო 36 მილიონი მომხმარებლის მოზიდვა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.