კიდევ ერთი დახურვა გამოიწვევს უფრო დიდ კრიზისს სექტორში - „სალონების ფედერაცია“

კიდევ ერთი დახურვა გამოიწვევს უფრო დიდ კრიზისს სექტორში - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს სალონების დიდი ნაწილი გადარჩენისთვის არსებობს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რასაც ოფიციალური სტრუქტურები არც ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ, მომავალი კვირიდან სალონებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეიზღუდება.

,,ჯერ-ჯერობით ვიცით, მხოლოდ ის ვიცით, რაც მედიით ვრცელდება. ოფიციალური სტრუქტურები მომავალი კვირიდან შესაძლო დახურვის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ვერ გვიდასტურებენ, ანუ ეს ისევ განხილვის საგანია.

პანდემიის პირველი ტალღის დროს, ძალიან დიდ ეკონომიურ ზიანს დაემატა აღდგენის შემდეგ კლიენტების მკვეთრად შემცირებული რაოდენობა. სალონები ახლა უბრალოდ, არსებობენ. ბევრი მათგანი დაიხურა, ისინი კი ვინც ფუნქციონირებას აგრძელებენ, მუშაობენ გადარჩენისათვის.

რაც შეეხება, კიდევ ერთ, დახურვას, ეს გამოიწვევს კიდევ დიდ კრიზისს. ჩვენ სერვისის სფერო ვართ და ზუსტად იმ პროპორციით გვიმცირდება შემოსავალი, როგორითაც მოსახლეობა ღარიბდება. თუ ხალხი ვერ იშოვის ფულს, ვერ დახარჯავს ჩვენთან. ეს მარტივია.

პირველი დახურვის შემდეგ, სალონების დიდი უმრავლესობა დაუბრუნდა ბაზარს, თუმცა ბოლო ორი თვე მომხმარებლის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ ვინც დიდ ქირას იხდიდა და საკუთარი ფართი არ ჰქონდა გაუჭირდათ და გავიდნენ ბაზრიდან, ვინც მუშაობას აგრძელებს, დიდად ვეღარც ისინი ხედავენ ბაზარზე ყოფნის აზრს“-აცხადებს შარაძენიძე.

თამარ მუკბანიანი