,,ისეთ დღეში ჩააგდეს ჯანდაცვის სისტემა, რომ ახლა სხვა გამოსავალი, გარდა შეზღუდვებისა აღარ რჩება“

,ისეთ დღეში ჩააგდეს ჯანდაცვის სისტემა, რომ ახლა სხვა გამოსავალი, გარდა შეზღუდვებისა, აღარ რჩება“ - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი, ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ კალოიანი ხელისუფლების პანდემიასთან ბრძოლას ,,რადიო პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.

კალოანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც შეიცვალოს გადაწყვეტილებები და ეს შეზღუდვები, რომელსაც ორშაბათიდან დაწესდება, ხელისუფლებამ სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენოს.

,,შემზღუდავი ნორმების ამოქმედება დაგვიანებულია, მაგრამ მთავარი პრობლემა არის არა ეს, არამედ, არათანმიმდევრულობა გადაწყვეტილებებში. ორშაბათიდან დაგეგმილია, რომ ამოქმედდეს შეზღუდვები და ამ დროს, მთავრობა შაბათ-კვირას გადაადგილების შეზღუდვაზე 22:00 საათიდან მოქმედ შეზღუდვას ხსნის. რაც აბსოლუტურად გაუგებარი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.

ისეთ დღეში ჩააგდეს ჯანდაცვის სისტემა, რომ ახლა სხვა გამოსავალი, გარდა შეზღუდვებისა აღარ რჩება. სისტემა არ მომზადდა მეორე ტალღისთვის, არ არის გადადგმული ელემენტარული ნაბიჯებიც კი, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. რეალურად, არც ერთი მნიშვნელოვანი სისტემური და სტრუქტურული ნაბიჯი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად არ გადადგმულა. აჭარა არის ამის კლასიკური მაგალითი, როცა მინისტრს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩა-ქუჩა სირბილი და საწოლების ძებნა უწევდა კოვიდ ინფიცირებულებისთვის, როცა ინფექციის გავრცელების პიკური პერიოდი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც შეიცვალოს გადაწყვეტილებები და ეს შეზღუდვები, რომელსაც დარწმუნებული ვარ ორშაბათიდან დააწესებს ხელისუფლება, გამოვიყენოთ სისტემის გასაძლიერებლად. გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების მექანიზმი ცალსახად მოშლილია და მისი გამართვის გარეშე, ვერანაირი წერტილოვანი შეზღუდვები და ექიმების გმირობა ვერ იქნება შედეგიანი.

დღევანდელი სისტემაც კი, სწორი ორგანიზების პირობებში ორჯერ მეტი დატვირთვით იმუშავებს. ხელისუფლებამ დაიჯერა, რომ მან წარმატებით დაამარცხა ვირუსი და ეს გამოიყენა პოლიტიკური მიზნით, ახლა ამის შედეგს ვიმკით“, - ამბობს კალოიანი ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი