გაზაფხულამდე ქვეყანაში რიგი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება აღარ მოხდება

საქართველოში რამდენიმე თვით რიგი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. ამის შესახებ, მთავრობის 19 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, 2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ რიგ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა აღარ მოხდება. გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება.

„COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე,“- ვკითხულობთ დადგენილებაში.

ცნობისთვის, მთავრობის ეს დადგენილება უკვე ამოქმედდა და 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

თაია არდოტელი