„ვფიქრობ მეორე ტალღა საქართველოში დაიწყო დაახლოებით 24 აგვისტოდან, იქიდან მოყოლებული რაც მალე ჩავკეტავდით, უკეთესი იქნებოდა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„თუ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვეტთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს. მაშინ როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა. რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა მოხდეს,“-განაცხადა ფხაკაძემ.
მან კორონავირუსის ვაქცინების შესახებაც ისაუბრა, რომელთა გამოცდაც ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ამ ვაქცინებიდან დაახლოებით, 10-მდე კარგ ვაქცინას მაინც მივიღებთ.
„ის, რომ ვიღაცას რაღაცა აქვს, არ ნიშნავს, რომ ის საქართველოში იქნება ხვალ. სინათლე გვირაბის ბოლოს არის - ჩვენ გვექნება ან ვაქცინა ან წამალი ახლო მომავალში, მაგრამ ამ სეზონზე, ანუ ზამთრის ამ სეზონზე, საქართველოში ვაქცინა არ იქნება. ამისი იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, რომ ეს სეზონი გადავიტანოთ, რადგან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ზაფხული იქნება უფრო კარგი და იმედი მაქვს, ეს შეზღუდვები დაგვეხმარება, რომ პიკი ქვემოთ წამოვიდეს,“-აღნიშნა ფხაკაძემ.