კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო საქართველოში მიმდინარე კვირიდან, სავარაუდოდ, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედება იგეგმება.
მთავრობის მეთაურმა გასულ კვირას მოისმინა მედიკოსების რეკომენდაციები, რომელთა შორის იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დიდი სავაჭრო მოლების მუშაობის დროებით შეჩერება. თუ გავიხსენებთ, რა ეკონომიკური ზარალი მიიღო ქვეყანამ პირველი ლოკდაუნით, როცა აპრილის თვე 16,6%-იანი ეკონომიკური ვარდნით დასრულდა, მოსალოდნელია, რომ ახალი შეზღუდვები ეკონომიკას ისევ ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ასეთ ვითარებაში იბადება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ იყო მთავრობის შეცდომა ლოკდაუნის გამოცხადება და ეკონომიკის ჩაკეტვა გაზაფხულზე და ხომ არ შეიძლებოდა სწორი გათვლებით, სიტუაციის მოდელირებით, რეალურ კორონაკრიზისს მეტი რესურსით და ნაკლები დანაკარგით შევხვედროდით?
ვახტანგ ჭარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი: - კორონავირუსის პირველი ტალღაც, შეიძლება ითქვას, ქართული ეკონომიკისთვის სრული კოლაფსის ტოლფასი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო ფინანსური დახმარება. ზუსტად იგივე რეალობაა მეორე ტალღის დროსაც. ეს კატასტროფა იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა საგარეო ვალების ხარჯზე ამჯერადაც შეიძლება დარტყმის დიდწილად შერბილება. მაგრამ მოკლევადიანი ნაწილობრივი შემსუბუქება, რომლითაც ყველა კმაყოფილი მაინც ვერ დარჩება, აუცილებლად გადაიზრდება უფრო მეტ სირთულეში შედარებით გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ სრული ლოკდაუნის მომხრე არა ვარ. ამისთვის რეგულაციების დროული გამკაცრება და ყოველდღიური ინფიცირების საშუალოდ 2000-მდე მაინც ჩამოყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თუ მომდევნო 1 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5000-მდე მოიმატებს და 1 კვირის განმავლობაში საშუალოდ ამ ნიშნულზე გაჩერდება, საავადმყოფოებში აღარ დარჩება თავისუფალი საწოლი და ეს გეგმურ ლოკდაუნზე უარესი იქნება. ამიტომ ჩვენი ეკონომიკის მოფრთხილების გზა გადის ჩვენი გმირი ექიმებისა და მათი შექმნილი სისტემის გაფრთხილებაზე.
რაც შეეხება ეკონომიკის გაზაფხულზე ჩაკეტვას, მიმაჩნია, რომ ლოკდაუნის არჩეული ფორმა მართებული იყო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ცალკეული წვრილმანის უკეთ მართვა, მაგრამ სრული ჩაკეტვის გარეშე ჩვენ მივიღებდით მასობრივ ინფიცირებას, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობას მოიტანდა და უფრო მძიმე ეკონომიკურ ვარდნაში გარდაისახებოდა.
სავარაუდოდ, მთავრობას დამატებით მოუწევს საგარეო ვალის აღება, რადგან მეორე ტალღა უკვე ძლიერად გვიტევს. ვფიქრობ, გადავაბიჯებთ სავალუტო ფონდის რეკომენდებულ ვალის ზღვარს, მშპ-ის 60%-ს. თუ მეორე ტალღა ძალიან გამწვავდა, ახალი ვალის აუღებლობამ შესაძლოა უარესი შედეგი მოგვიტანოს. თუ მისი გაკონტროლება მოხერხდა, დამატებით ვალს შესაძლოა თავიც ავარიდოთ, ოღონდ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდო მგონია.
- რისი იმედით შეძლებენ ვალების მომსახურებას? თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა არ ფიქრობს, რომ აპატიებენ და ან რესტრუქტურიზაციას გაუკეთებენ.
- ალბათ, უფრო საინტერესოა, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ვალებს ისევ ეკონომიკიდან ამოიღებენ 5 წელიწადში, 10-ში თუ 25-ში. დამაიმედებელი ის არის, რომ გრძელვადიანი სასესხო ვალდებულების აღებისას ქვეყანას აქვს დიდი პერიოდი მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. იმედია, ასეც მოხდება.
- ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევართა ახალ არმიასაც მივიღებთ...- სამწუხაროდ, მივიღებთ. სხვადასხვა გათვლით, 2019 წლის ნიშნულებთან დასაბრუნებლად საქართველოს, ისევე როგორც საზოგადოდ მსოფლიოს, საშუალოდ 3 წელიწადი მაინც დასჭირდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უკვე მიღებულ ეკონომიკურ დარტყმას ახალი ლოკდაუნი და მისგან გამომდინარე სირთულეები არ დავუმატოთ.
- ახალი შეზღუდვები ეროვნულ ვალუტაზე რა გავლენას იქონიებს?
- ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები იმდენად მრავალფეროვანია, მხოლოდ რეგულაციებით მისი მოძრაობის ახსნა, განსაკუთრებით დღევანდელ გაურკვევლობაში, წარმოუდგენელია. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ლარის სასარგებლოდ ეს რეგულაციები ნამდვილად არ მუშაობს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამჯერადაც აუცილებელია მოსახლეობისთვის საბანკო შეღავათები? ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამაზე მოლაპარაკება საფინანსო სექტორთან?
- ეს კარგი გზავნილი იქნებოდა როგორც მთავრობის, ასევე საბანკო სექტორისგანაც. ეს სჭირდება ფიზიკურ პირებსაც და ბიზნესსექტორსაც. მეორე ტალღის გართულების შემთხვევაში, ამ საკითხზე მოლაპარაკება მთავრობასა და საბანკო სექტორს შორის, სავარაუდოდ, კვლავ გაიმართება.
ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი: - ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნისთვის ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ზრდას. ის აუცილებლად ორნიშნა უნდა იყოს. არადა, ორნიშნა ეკონომიკური კლება მივიღეთ. ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასამდე კაცმა სამსახური დაკარგა - ეს რისი დათვლაც შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ეკონომიკის თითქმის ნახევარი ჩრდილშია მოქცეული, რაც ნიშნავს, რომ გვყავს დასაქმებული მოქალაქეები ე.წ. დაუკვირვებად ეკონომიკაში, რომელთა შემოსავლების დონე არც პანდემიამდე იყო დამაკმაყოფილებელი და ცხადია, შემდეგ უფრო გაუარესდა. თუმცა მათი სოციალური მდგომარეობის ასახვა სტატისტიკურად ვერ ხერხდება. რეალურად ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე რიცხვებით ჩანს. ამიტომაც ყოველი მომდევნო შეზღუდვა იმდენად დაარტყამს ეკონომიკას, რამდენადაც დიდი იქნება შეზღუდვის მასშტაბი. ეკონომიკის ყველაზე ოპტიმალური დამცავი ბალიში ეკონომიკის თავისუფლებაა. როცა შეზღუდვებს აწესებ, სულ ცოტა, მოსალოდნელი კრიზისის შემაკავებელი მექანიზმებიც უნდა წარმოადგინო. რამდენად ეფექტიანი იქნება, სხვა საკითხია, მაგრამ ესეც არა გვაქვს - გვკეტავენ და მორჩა.
ლოკდაუნის შედეგების განხილვამდე მთავარი აღვნიშნოთ - მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ადამიანიდან ვინ უფრო შეძლებს ვირუსთან გამკლავებას? დისტანციურად მუშაობას, ჰიგიენური პირობების დაცვას? რა თქმა უნდა, ვინც მეტად არის უზრუნველყოფილი ჯანსაღი კვებითა და ჯანდაცვის სერვისით. მაღალშემოსავლიან მოქალაქეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს. დაბალშემოსავლიანს კი გაუჭირდება ჯანდაცვის სტანდარტების დაცვა. ყოველი რეგულაცია და ეკონომიკის ჩაკეტვა აღარიბებს ადამიანს და ვირუსთან ბრძოლის ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს. პირველი ლოკდაუნით მივიღეთ ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და შემცირებული შემოსავლები, ხოლო ეპიდემიოლოგიურად მძიმე შემოდგომა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვისაუბროთ პირველი ლოკდაუნის შედეგიანობაზე? არგუმენტი, რომ თითქოს პირველი ლოკდაუნის შედეგად გაზაფხულზე დაბალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები გვქონდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. დღევანდელი მაჩვენებლები არც არის შესადარებელი მაშინდელ მდგომარეობასთან, როცა ძალიან ცოტა მოქალაქეს უტარდებოდა ტესტირება, როცა არც არსებობდა ტესტები. მეორეც - თუ ეპიდემიოლოგიური ვითარებისთვის ეკონომიკის სრული ჩაკეტვა ეფექტიანია, მაშინ ისიც გვითხრან, როდემდე გაძლებს ღარიბი ქვეყანა ლოკდაუნში? ზუსტად რომ ვიცოდეთ, ვირუსი ორ, ოთხ ან ექვს თვეში გაივლის, კიდევ გასაგებია, მაგრამ ვირუსის გასვლის დრო არ არის ცნობილი და როდემდე გაუძლებენ მოქალაქეები გამოკეტვას?
გარდა ამისა, პირველიდან მეორე ლოკდაუნამდე პერიოდი არ გამოუყენებიათ ეფექტიანად, არც ჯანდაცვაში გაკეთებულა რამე ქმედითი და არც მთავრობის ეკონომიკური გეგმა მიგვიღია, მხოლოდ წერტილოვანი სოციალური დახმარებები და მათი უმეტესობაც არამიზნობრივი იყო. ყოველივედან გამომდინარე, გადავიტანთ მეორედ ჩაკეტვას?!
პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: - არანაირი დამცავი ბალიშები ეკონომიკისთვის აღარ და ვეღარ იქნება. ჩვენ ისინი მაშინ გამოვიყენეთ, როცა გაზაფხულზე უბრალო "ნაკაწრის" გამო გავაჩერეთ ეკონომიკა. დღეს მაშინდელი შეცდომების შედეგს ვიმკით და კრიზისის შემაკავებელი თუ შემარბილებელი საშუალება აღარ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ და ამიტომ გამორიცხავს ლოკდაუნს. თუმცა ისიც პირობითია, ლოკდაუნს რას ვუწოდებთ. შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას: მშპ-ის ფორმირებაში დიდი წილი აქვს ვაჭრობას, დასაწყობებას, ტრანსპორტის სექტორს, განთავსებასა თუ სამასპინძლო ბიზნესს, რომელიც ახლაც, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ეს ბიზნესი კი ჩვენი ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეადგენს. როგორ გგონიათ, ეკონომიკის 20%-ინი გაჩერება წერტილოვანი შეზღუდვაა? ლოკდაუნზე ისეთი პირები არ უნდა ლაპარაკობდნენ, ვისაც ეკონომიკისა და "ბუტკის" დახურვა ერთი და იგივე ჰგონია.
პირველი ტალღის დროს ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უპირისპირდებოდა ეკონომიკის სრულ გაჩერებას. თუმცა დღეში 15 ინფიცირებულის გამო გააკეთეს ეს. ვინც ეს რეკომენდაცია გასცა, მისთვის შესაძლოა ეს უბრალოდ ჩაკეტვის მექანიზმი იყო, სინამდვილეში კი ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ეს გადაწყვეტილება ტრაგედია იყო მათთვის, ვინც სრული ჩაკეტვის გამო სამსახური დაკარგა, ტრაგედია იყო ეკონომიკისთვის, რომელმაც აპრილში 16%-ინი ვარდნა განიცადა. ეს დანაკარგები იმით მართლდებოდა, რომ ეს იყო ფასი, რომელიც ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის გადაიხადა, ყოველ შემთხვევაში, სამთავრობო კაბინეტებიდან ეს პათოსი ჟღერდებოდა. დღეს რა ხდება?! დღეს იმავე კაბინეტებიდან ვისმენთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა ასეთ რაოდენობას ვერ უძლებს და შეიძლება ჩამოიშალოს. მაშინ, რისთვის გადაიხადა ქვეყანამ გაზაფხულზე ამხელა ფასი?! რისთვის დაიკარგა ათასობით სამუშაო ადგილი?! ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?! სანამ ეს კითხვები არ დაისმება, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ისევ მსგავსი დილეტანტობით შევხვდებით.
მთავრობა დამატებით ვალებს უკვე იღებს. არსებული რეგულაციით, ჩვენ შეგვიძლია მშპ-ს 60%-მდე ვალის აღება, ბოლო გადაწყვეტილებით კი ჩვენი საგარეო ვალი მშპ-ს 62%-ს აჭარბებს. თუმცა უფრო საყურადღებო და საგანგაშო ამ ვალების მიზნობრიობაა. გაზაფხული-ზაფხულის გამოცდილებით, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა არცთუ მიზნობრივად იყენებს ამ თანხებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვალს არავინ გაპატიებს და მის მომსახურებაზე უარის თქმა დეფოლტს ნიშნავს, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა თუ რეიტინგებზე დამანგრევლად მოქმედებს. ეს ქვეყნის ეკონომიკური ტრაგედია იქნება. რესტრუქტურიზაცია კი გარდაუვალია და ეს ირიბად ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა.
ოთარ ანგურიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ძნელია ეკონომიკური ვარდნის მასშტაბზე საუბარი, სანამ არ ვიცით, რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუმცა მაინც მგონია, რომ ვარდნა არ იქნება ისეთი, როგორიც პირველი ტალღის დროს იყო, რადგან მთავრობას აქვს გამოცდილება, ყოველი შეზღუდვა ეკონომიკურ მაჩვენებლებში გაზომოს და ისე გადაწყვიტოს.
- უმჯობესი ხომ არ იქნებოდა მთავრობას თავი შეეკავებინა ლოკდაუნისგან გაზაფხულზე და ეკონომიკა უფრო მომზადებული შეხვედროდა ეპიდემიის მეორე ტალღას?
- გაზაფხულზე მთელ მსოფლიოში ერთბაშად იმძლავრა პანდემიამ და ყველამ ერთდროულად დაიწყო შეზღუდვები. არც ერთი სახელმწიფო არ იყო მზად ამგვარი ფორსმაჟორული თეორიული პროგნოზისთვისაც კი. ახალი შეზღუდვების დაწესება წინასწარი შეფასებების თუ მოდელირების გარეშე აღარ გამოვა და მთავრობას მოუწევს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
- შეგვიძლია პროგნოზირება, რა გავლენას მოახდენს ახალი ეკონომიკური შეზღუდვები ეროვნულ ვალუტაზე?
- ყველა წინა პირობა ცხადყოფს, რომ შესაძლოა ეროვნულ ვალუტას დამატებითი რისკები შეექმნას. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ვალუტის სტაბილურობა ეროვნულ ბანკსა და მის პოლიტიკაშია. სამწუხაროდ, წლეულს უკვე 776 მლნ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული სავალუტო აუქციონებზე მხოლოდ ლარის სტაბილურობისთვის, თუმცა შედეგს ყველა ვხედავთ. თქვენ გამართლებულად წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში ამხელა თანხის ხარჯვა, რომელიც შედეგს არ გვაძლევს? რა თქმა უნდა, ამ პროცესმა დაგვანახა, რომ ლარის კურსის განსაზღვრის წესი უტოპიაა და სწრაფ ცვლილებას საჭიროებს. მით უმეტეს, როცა არ ჩანს ამ ყველაფრის დასასრული და არც იმდენი რესურსი გვაქვს, ასობით მილიონი მივმართოთ ლარის უშედეგო სტაბილურობისთვის.
- შესაძლებელია, როგორც პირველი ტალღისა და ლოკდაუნის დროს, ახლაც დადგეს ე.წ. საბანკო არდადეგების გამოცხადების აუცილებლობა?
- ეს რთული და კომპლექსური საკითხია. ერთი მხრივ, ბანკებს მართებთ დიდი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და იმის გათვალისწინება, რომ მომხმარებლებმა შესაძლოა ახალი რეგულაციების შედეგად შემოსავლები დაკარგონ, მეორე მხრივ, საბანკო სექტორს გამართული მუშაობისთვის გადახდისუნარიანი მომხმარებელი სჭირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის შეზღუდვებს დააწესებს ხელისუფლება და რამდენი ხნით. საბანკო სექტორსაც ვითარების გათვალისწინებით მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს მოუწევთ გაჩერება და ამ დროს საბანკო სექტორიდან არ იქნება ხელშეწყობა, რამდენიმე თვეში შეიძლება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვეღარ გაისტუმროს საბანკო ვალდებულებები. შესაბამისად, ვითარების შეფასება საფინანსო სექტორს მოუწევს როგორც მაკროდონეზე, ასევე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
წყარო: „კვირის პალიტრა"