ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მათი თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ისინი კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენენ. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, შემდეგ კი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. პრემიერი იმედოვნებს, რომ 6 თვეში ესპანეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ვაქცინაცია განხორციელდება.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა ევროპაში. ქვეყანაში ვირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 42 600 ადამიანი ემსხვერპლა.