როგორ აისახა ეკონომიკური კრიზისი ევროპაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე

უკვე წლებია ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახებში დამხმარედ, ე.წ. ოპერებად მუშაობენ.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში "კოვიდ-19" გავრცელდა, ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, ბევრს კი იმავე შრომის ფასად ანაზღაურება შეუმცირდა. როგორც ამბობენ, ევროპელებმა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ფეხი აუწყვეს.

"100 ევროთი შემიმცირეს ანაზღაურება, სამუშაო საათები გამეზარდა, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არა მაქვს"

მეგი კილაძე, იტალიაში მცხოვრები ქართველი: "ჩემი მასპინძლები ძალიან მხიარული და გულღია ხალხია. პატარა ბიზნესი ჰქონდათ, შოკოლადის მაღაზია პატარა კაფეთი... შეზღუდვებმა მათი ბიზნესი ძალიან დააზარალა, შემოსავალი შემოაკლდათ და როგორც სჩვევიათ, უბოდიშოდ გამომიცხადეს, ხარჯი უნდა შევამციროთო. მე მათ ოჯახში ვუვლი მოხუცს, შვილიშვილის გამზრდელ ბებიას, რომელსაც ალცჰაიმერი აქვს. შვილიშვილი თავს ევლება მოხუცს, ანებივრებს საჩუქრებით, სიურპრიზებით, ხშირად ეპატიჟებოდა რესტორნებში, კინოთეატრებში, ოპერაში... მის ცოლს ეს აშკარად არ მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა. როცა პანდემია მთელ ქვეყანას­ მოედო, როგორც კი მომიხელთებდა, მეუბნებოდა, ჩემი ქმარი ვერ ერკვევა თავის მოვლის საშუალებებში და ბებიას შედარებით იაფიანი უყიდეო, მომთხოვა შემეცვალა მისთვის სტილისტი, მანიკიურისა და პედიკიურის ხელოსანი, რომელსაც უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით სახლში იბარებდნენ. ვუხსნიდი, მოხუცი სხვას არ მიიღებს, ასე აქვს გონებაში ჩაბეჭდილი-მეთქი. ბოლო ხანს კრიზისი გაღრმავდა და ეს ქალიც, ქართულად რომ ვთქვა, ქამრის მოჭერას ლამის ყოველდღე გვაიძულებს. დენი გაძვირდა, ნათურები გამორთეთ, ტელევიზორი დიდხანს არ ჩართოთ, სააბაზანოში ამდენ ხანს რას აკეთებთ, წყალი ძვირია. მოხუცთან ჩხუბს აზრი არა აქვს და მე მეცემა - სააბაზანოში ისვენებ და ამიტომ ცდილობ ბებია იქ რაც შეიძლება მეტხანს იყოსო. ბოლო დროს საკვებისა და მედიკამენტების დაზოგვაც მომთხოვა.

ორი შვილი ჰყავთ, ტყუპი, რომლისთვისაც უკრაინელი ქალი ჰყავთ დაქირავებული. მან კატეგორიულად უთხრა წყვილს, ეკონომია ბავშვების ხარჯზე არ შეიძლებაო. როცა ცოლ-ქმარი პრობლემებზე კამათობს, დედა შვილებით სპეკულირებს, რა გინდა, შვილებს მოვაკლოთო?­ ვიპოვე საუკეთესო მოხუცთა­ თავშესაფარი,­ სადაც მოხუცი თავისი პენსიით მშვენივრად იქნება, იქ კარგად მოუვლიანო. შვილიშვილი ტირის, ბებია მისთვის ცოლ-შვილზე არანაკლებ ძვირფასია, რადგან დედ-მამამ მიატოვა, ბებიამ კი არა. ეს ალცჰაიმერიანი ქალი სიკეთის განსახიერებაა, მეც მიყვარს და მებრალება, ბებიაჩემს მახსენებს... ზოგჯერ ჩემი დანაზოგიდანაც ვცდილობ ვასიამოვნო. ვერც დიასახლისს ვამტყუნებ, შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ, ეს დაეტყო კიდეც მათი ცხოვრების წესს, კვებას... ახლახან მითხრა, ყავას ძალიან ხშირად სვამთო, არადა, ბებიას ძალიან უყვარს და სულ მთხოვს. დიასახლისი მიბღვერს, ბებიამ კი არ იცის, რომ ყავაც გაძვირდა, შაქარიც და დენიც. ამ ბოლო დროს დაიჩემა, ულუფები შეამცირე, პური თხლად დაჭერი, რძე 100 მილილიტრი ეყოფა; ლეპტოპს ზედმეტად ხშირად ტენიო... ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ადგილას კამერები დაუმონტაჟებია. მის ქმარს ვუთხარი, რომ ამის უფლება არა აქვთ და ერთმანეთთან დიდი დავიდარაბის შემდეგ მოხსნეს. 100 ევროთი შემიმცირეს ანაზღაურება, შვილიშვილს ბებია შაბათ-კვირას კონცერტებზე და რესტორნებში აღარ დაჰყავს და სამუშაო საათები გამეზარდა, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა ჯერჯერობით არა მაქვს. ისედაც უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევრად, ზოგს მოხუცი­ "კოვიდით" მოუკვდა, ბევრმა ოჯახმა მომვლელს ვერ გადაუხადა და მომვლელი დაითხოვა".

"ქალმა მეც და მის გოგონასაც თმა შეგვაჭრევინა, გრძელ თმას ბევრი წყალი სჭირდებაო"

ანა, 32 წლის, გერმანიაში მცხოვრები ქართველი: "12 წელია ოპერად ვმუშაობ. არაერთი ქალაქი და ოჯახი გამოვიცვალე, კარგიც შემხვედრია და ცუდიც, ანუ წუწურაქი, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, მაინც მაკვირვებს... ქალმა, რომლის შვილსაც ვუვლი, მეც და მის გოგონასაც თმა შეგვაჭრევინა, გრძელ თმას ბევრი წყალი სჭირდება, გაშრობისას კი ფენი დიდხანს გაქვთ ჩართულიო. პურს თავად ჭრის, შენ ზედმეტად დიდი ნაჭრები გამოგდისო. ყველა ოთახს დარაჯობენ, ნათურა სადმე ანთებული არ დარჩესო. მისი მეუღლე სიმწრით ხუმრობს,­ ნაცისტური გერმანიის შემდეგ ასეთი რამ არ მსმენიაო. დიდი სმა-ჭამით არასდროს გამოირჩეოდნენ, მაცივარი სულ ცარიელი იყო, რადგან ცოლს სამზარეულოში ტრიალი­ არ უყვარს, მაგრამ ახლა ორი-სამი იოგურტი თუ იყიდეს, მიაჩნიათ, რომ ძალიან დაიხარჯნენ. პანდემიის დროს გადავეჩვიე შაქრიან ყავას და ჩაის, ადრე რამე ტკბილეულს მივატანდი, ახლა ცოლ-ქმარი ლამის დათვლილად დებენ ლანგარზე ნამცხვარსა თუ შოკოლადს. ადრე თუ სუნამოებსა და სხვად­ასხვა აქსესუარს ვყიდულობდი, ახლა ტკბილეულს ან პურს ვყიდულობ და ტანსაცმლის კარადაში ვმალავ. ყავის დალევისას ვეუბნები, ეს დრო მირჩევნია, სწავლას მოვახმარო-მეთქი და ჩემს ოთახში შევდივარ. ქართულ წესებზე აღზრდილს აქ საკვები ყოველთვის მეცოტავებოდა და ახლა, მით უმეტეს. ვნატრობდი,­ ახალი შეზღუდვები არ დაეწესებინათ, სამსახურში გასულიყვნენ, მაგრამ თავად დაიწესეს შეზღუდვები, დისტანციურად მუშაობენ, ტრანსპორტისა და საწვავის ფული რომ დაზოგონ. "კოვიდისაც"­ს ეშინიათ, რადგან აქაურ ჯანდაცვის სისტემასაც პრობლემები აქვს".

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 23 ნოემბრის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად